საქართველოდან გააძევეს უცხოელი, რომელმაც „მარჯანიშვილის” მეტროსთან იხულიგნა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მამაკაცი მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გაძევების მიზნით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აღნიშნული პირის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მამაკაცი, მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით.
36 წლის მამაკაცი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჩადენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 4 ათასი ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა და ქვეყანაში შემოსვლლა აეკრძალა.