თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაში. საინკუბაციო პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება.
„განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში განთავსდება, სადაც ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის", - ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში, 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
2024 წელს საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 140 ათასი ქვირითით დათევზიანდა.
ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.