სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მეექვსე პირი დააკავეს

დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი და 25-დან 30 წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცი.
შემთხვევა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. უწყების ცნობით, მანანა გიორგობიანმა მაღაზიის თანამშრომლებს -19 და 21 წლის ახალგაზრდებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.
ამის შემდეგ გიორგობიანი დაუკავშირდა თავის ნაცნობს, 29 წლის პირს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს სუპერმარკეტის გარე პერიმეტრზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გუშინ პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.