თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
სამგორის საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის(არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა დასამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. მერიაში ვარაუდობენ, რომ პროექტის განხორციელება დაახლოებით 1,5 – 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
როგორც კალაძემ განმარტა, დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო დაშენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. მერიამ ჩაატარა შესაბამისი კვლევები და დაადგინა, რომ არსებული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც უწყება აუცილებლად გააკეთებს.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერმეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ "სამგორამდე", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტოქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.
„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია "სარაჯიშვილი-ზღვის უბნისა" და "ისანი-ვაზისუბნის" დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე", – აღნიშნა თბილისის მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით.