საქართველოს ენერგოომბუდსმენმა მხუთავი აირით მოწამვლის მთავარი მიზეზები დაასახელა

გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთდ საქართველოში მხუთავი აირით მოწამვლის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ნახშირჟანგით მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების უმეტესობა გაქირავებულ ბინებში ხდება, ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.
გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთდ საქართველოში მხუთავი აირით მოწამვლის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.
„ყველაზე დიდი რისკი მაინც არის გაქირავებულ ბინებში. სამწუხაროდ, ხშირად, გაქირავებულ ბინაში კუსტარულად არის მოწყობილი ქსელი, ან ისეთი დანადგარი, რომელი სტანდარტებს არ შეესაბამება. ყველაზე ხშირი შემთხვევა გაქირავებულ ბინებზე მოდის. კომპანიამ გვაჩვენა ციფრი და დარღვევების აღმოჩენის 80% მოდის ასეთ ბინებზე“, - განაცხადა გულეიშვილმა.
მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა უმნიშვნელოდ არის შემცირებული.
„თუ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობას, ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ შემოწმებების შედეგად, როდესაც მომხმარებელთან გარკვეული ტიპის დანადგარი ჩაიხსნა, ასევე მომხმარებელს მიეცა ინფორმაცია, რომ ქსელი საჭიროებდა გადაკეთებას ან სხვაგვარ მოწყობას, ამ ინფორმაციას დაეთანხმნენ და ცვლილებები განახორციელეს“, - განაცხადა გულეიშვილმა.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.