თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული პირების გარდა, 7 პირს - პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარდა თბილისში, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობის დროს ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის მკვიდრმა 52 წლის მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეცრაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ.
ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება სსკ-ის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.