ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მაგისტრალური გზა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დააკავშირებს საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან სარფში, აშენდება ტრანსევროპული ავტობანის სტანდარტების მიხედვით.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი-სარფის 11,3-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7,6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის - მათ შორის 1,47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.
პროექტის დიზაინი ასევე მოიცავს ფერდობების გამაგრებასა და კლდის ჩამოშლისგან დაცვას, გაუმჯობესებულ სანიაღვრე სისტემასა და ეროზიის კონტროლს.
სამშენებლო სამუშაოების ვადა 4 წელია. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ.
პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ADB-მ ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობისთვის საქართველოს 306,6 მლნ ევრო გამოუყო.
ბათუმი–სარფის 11,3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.
უწყების ცნობით, სტრატეგიულად, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და ვაჭრობას, ასევე საგრძნობლად შემცირდება მგზავრობის დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ნორმები.
საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი–კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები – ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1,1 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.