საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელი განსახილველად მიიღო

სარჩელი ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლლებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს".
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო.
სარჩელი, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლლებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს". „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა".
პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
საქმის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.