თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ვიდრე საქართველოს შესახებ რაიმე შეფასებას გააკეთებს, პირველ რიგში დაგმობს და გაემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.
„ხვალ 4 ნოემბერია, ერთი თვე გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისრები ამ დრომდე უარს აცხადებენ ამ ქმედებების დაგმობაზე.
„ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ხვალ კომისარი კოსი დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს მოუკითხავს მათი ბედი და ჯანმრთელობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი კი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა დემონსტრანტებს.
„საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას და არავინ იცის რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ყველაფერზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ ძალადობის არდაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა.
„ეს არის იმ მტრული რიტორიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ „ევრონესტზეც“ ვიხილეთ. ეს არის ერთი, სამწუხარო პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება და საკუთარი პოლიტიკურ დღის წესრიგს თავს გვახვევენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სამწუხაროდ სულ უფრო მცირდება“, - დასძინა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. მისი თქმით, ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი არსებითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა მოხდა საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას..
ამ დღეს, ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი,  თავად ჰერჩინსკი კი  პრესკონფერენციას თბილისში გამართავს, რათა უპასუხოს საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვებს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.