აბაშიშვილი: Eagle Hills-ის გარშემო დისკუსია არაპროფესიონალურად მიმდინარეობს

სახელმწიფო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დისკუსიები საქართველოში დაბალ დონეზე მიმდინარეობს, რადგან მთავრობის ოპონენტები ეკონომიკური და ბიზნეს-ფაქტორების ანალიზის ნაცვლად, ქარის წისქვილებთან ბრძოლაში ხარჯავენ ძალებს, განაცხადა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.
„სამწუხაროდ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაკვალიფიციური დისკუსია მივიღეთ, ვინაიდან ჩვენ არ ვსაუბრობთ წმინდა ეკონომიკურ და ბიზნეს-ფაქტორებზე, არამედ კვლავ ვებრძვით ქარის წისქვილებს, კვლავ ვართ სადღაც, სადაც ვფიქრობთ, რომ ერთა შორის ხინჯი ჩავაგდოთ”, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, Eagle Hills-ის პროექტებზე დისკუსია მიმდინარეობდა ევროპაში: ლატვიაში, ალბანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, სერბეთში, თუმცა, იგი ეფუძნებოდა პროფესიონალიზმს და არა ფსევდოპატრიოტული ნარატივს.
„ოპოზიცია საუბრობს კორუფციასა და ფარულ გარიგებებზე, რადგან მათ სხვანაირად საქმის კეთება არ იციან“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ითხოვდნენ დაუმსახურებელ პრივილეგიებს ანაკლიის პროექტში, ვერ წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფომ შეიძლება სხვანაირად იმოქმედოს და არავის მიანიჭოს პრივილეგიები.
„მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით გაფორმდა ხელშეკრულება. ანაკლიაში ისინი ითხოვდნენ თაღლითურ ხელშეკრულებას, რაც არა მხოლოდ საქართველოში დადასტურდა, არამედ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებმაც დაადასტურა, რომ ანაკლიის ის მხარე, ვინც ახლა ჭკუას გვარიგებს, იყო საერთაშორისო თაღლითი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
გარიგების დეტალები
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
ამ თანხებით კომპანია თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
აგვისტოში, კომპანია Anaklia Development Consortium LLC-ის ჰოლანდიელ ინვესტორს, რომელიც საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, ვაშინგტონის არბიტრაჟის (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი - ICSID) გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 6,5 მილიონი დოლარი გადაუხადა.