თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ურანის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩინეთის მოქალაქეები 2 კგ ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიაქტიური ქიმიური ელემენტის - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას თბილისში, 24 ოქტომბერს დააკავეს - პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალი 25 ოქტომბერს წარუდგინა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს შეფარდების თაობაზე.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ურანის საქმე
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩინეთის სამი მოქალაქე თბილისში გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 ათასი აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.
დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება/
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.
გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმშიც.
გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.