თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წელს ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21,2 ათასმა მევენახე ფერმერმა დააბინავა.
კახეთში სულ გადამუშავებულია 323 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 170 ათასამდე ტონა რქაწითელი, 134 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ამ ეტაპზე აქტიური ყურძნის კრეფა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
რთველია მევენახეობის კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში - ლეჩხუმშიც. ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 112 ტონამდე ყურძენი. პროგნოზით, მიმდინარე წელს ცაგერში მოსავალი 1,4 ათასამდე ტონის ფარგლებშია.
რთველი უკვე დასრულდა რაჭაში, სადაც რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა.
რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო ყველა იმ ღვინის კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხდა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნულმა კომპანიებმა სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ "ალექსანდროულსა" და 1 კგ "მუჯურეთულზე" 4 ლარი მიიღეს.
კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,5 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,2 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.