საქართველოდან უცხო ქვეყნის 20 მოქალაქეს გააძევებენ

ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩაატარდა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულები არიან ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ეგვიპტის, იორდანიის, ფილიპინების და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით", - აღნიშულია ინფორმაციაში.
ამჟამად, ისინი მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.