თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვზე აღმზრდელმა იძალადა. შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა.
უწყების ცნობით, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება.
„ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები აღმზრდელმა მშობელს შემთხვევით გაუგზავნა. კადრებში ჩანს, რომ მცირეწლოვანს, სავარაუდოდ, მასწავლებელი აიძულებს, აქტივობაში ჩაერთოს, ბავშვი ტირილს იწყებს, რის შემდეგაც აღმზრდელი მას თავში ურტყამს, თმას სწიწკნის და ეუბნება, რომ „დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს".