პაპუაშვილი ელჩის გაწვევაზე: იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიასთან 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევასთან დაკავშირებით საუბრისას.
გუშინ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად გაიწვიეს. მათი განცხადებით, „რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა კამპანიას ევროკავშირისა და პირადად გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის წინააღმდეგ“.
„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია, მისი მხრიდან ვხედავდით საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, ელჩის გაწვევა არის გადატვირთვის სიგნალი და სიგნალი იმისა, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში
„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ „დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი.“
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებს.
საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
თავის მხრივ, დაბარების შემდეგ ფიშერმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეკისრებათ.
ოქტომბრის დასაწყისში გერმანიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გადაეცა მოწოდება, შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმები.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.