თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში განათლების რეფორმა სამი-ოთხი წლის შემდეგ დასრულდება - ამ დროისთვის ახალი კონცეფცია, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ყველა ძირითადი კომპონენტით, სრულად იქნება ამოქმედებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა წარადგინა, რომელიც, პრემიერის თქმით, შეამცირებს ახალგაზრდების უცხოეთში გადინებას და ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. რეფორმის მთავარი მიზანია - საქართველოში ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, რომელსაც დღეს სტუდენტები სხვა ქვეყნებში იღებენ.
„გეგმის პირველი ნაწილი შესრულდება უკვე ერთ წელიწადში. შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურული ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი წელიწადი“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ პროფესორ- მასწავლებლების უმეტესობა ნახევარ განაკვეთზეა დასაქმებული, რაც უარყოფითად მოქმედებს განათლების ხარისხზე.
კობახიძის განმარტებით, დიპლომების გაცემაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო - დამოუკიდებლად იმისა, უნივერსიტეტი კერძოა თუ სახელმწიფო. ამიტომაც, მისი თქმით, სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს განათლების მაღალი დონე ქვეყნის ყველა უნივერსიტეტში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი ახალი სახელმძღვანელოების მომზადებისა და სამეცნიერო მიმართულებების განვითარებისთვის, დასძინა პრემიერმა.
„როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და ეფექტური სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების, კვლევის, მეცნიერების მიმართულებით და ასევე სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, პროფესორ-მასწავლებლების მოტივაციისთვის, A კატეგორიის პროფესორების ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 ლარს. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგები განსხვავებული დატვირთვითა და ფუნქციებით.
როგორც კობახიძემ აღნიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე და განვითარებული ინფრასტრუქტურა.
„სახელმწიფოს ექნება ამოცანა, რომ ქუთაისში მიიღოს, პირობითად, 30 ათასი სტუდენტი და ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები და კვოტებთან ერთად დაფინანსებაც. ჩვენ გვსურს შევქმნათ არა მხოლოდ კომფორტული სასწავლო გარემო სტუდენტებისთვის, არამედ ერთგვარი „სტუდენტური სამოთხე“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ხარჯების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, თუმცა, ზოგიერთი არსებული შენობის გაყიდვა ან გამოყენება შესაძლებელს გახდის აშენდეს ახალი, თანამედროვე ობიექტები.
გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს ქუთაისსა და რუსთაში საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის აქტიურად განვითარებას, რაც დედაქალაქს განტვირთავს და რეგიონულ განვითარებას წაახალისებს.
კობახიძის თქმით, აღნიშნული ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.