ყველაფერი თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის განკუთვნილი მიგრაციის ცენტრების შესახებ

ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 24 საათის განმავლობაში
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის თავშესაფრის მაძიებელთა სპეციალურ ცენტრებში განთავსების ახალი წესები დაადგინა.
ცენტრები წარმოადგენს უფასო საცხოვრებელ ადგილს იმ პირებისთვის, რომლებმაც საქართველოში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, თავშესაფარი მოითხოვეს.
ასეთ ცენტრში მოსახვედრად თავშესაფრის მაძიებელმა უნდა შეავსოს განაცხადი და მას მიეცემა იქ დარჩენის ნებართვა, თუ იქნება ადგილი და გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ განმცხადებელს არ გააჩნია ფინანსური რესურსი და ქონება საქართველოში.
ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 24 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც თავშესაფრის მაძიებელს სამი დღე ექნება ცენტრში მისასვლელად და განსათავსებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში, ტრანსპორტირებას ხელისუფლება უზრუნველყოფს.
ცენტრში აკრძალულია შემდეგი ნივთების შეტანა:
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი;
ალკოჰოლური სასმელი;
ქიმიკატები, ტოქსიკური და აალებადი ნივთიერებები;
საბრძოლო მასალა;
ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასაფეთქებელი ნივთიერებები;
ნარკოტიკები, ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებები;
გათბობისთვის განკუთვნილი ელექტრო ან გაზის მოწყობილობები.
შემოწმების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლები, ოთახებში სქესის გათვალისწინებით განთავსდებიან - ოჯახის წევრები ერთ ოთახში იცხოვრებენ.
თითოეულ უცხოელს დროებით სარგებლობისთვის გადაეცემა ტაფა, ქვაბი, ჩაიდანი, თეფშები, ჭიქები, კოვზები, დანები და ჩანგლები. უცხოელები ასევე საჩუქრად მიიღებენ თეთრეულს და საწოლის გადასაფარებელს, კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, საპონს, შამპუნს და სარეცხი ფხვნილს.
ცენტრში განთავსებულ უცხოელებს ასევე გადაეცემათ პროდუქტები: დაკონსერვებული ხორცი, ფქვილი, წიწიბურა, ლობიო, ბრინჯი, მაკარონი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ჩაი და მარილი.
თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება იზოლირებული იქნას მხოლოდ აგრესიული ქცევის, სხვებისთვის საფრთხის ან ინფექციური დაავადების შემთხვევაში.
ცენტრის წესები
თავშესაფრის მაძიებლებს ცენტრის დატოვება 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში შეეძლებათ, ხოლო თუ ისინი მოგვიანებით დაბრუნდებიან, წინასწარ უნდა აცნობონ ცენტრის თანამშრომლებს.
ცენტრის ბინადრებს მოეთხოვებათ პირადი ჰიგიენის დაცვა, საწოლებისა და ოთახების დალაგება, ასევე ეკრძალებათ თავშესაფრის სხვა ბინადრების ოთახებში მოწვევის გარეშე შესვლა.
გარდა ამისა, ცენტრში იკრძალება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ტელევიზორითა და რადიოთი სარგებლობა ან ხმაური.
ცენტრში მცხოვრებ უცხოელებს ასევე აეკრძალებათ არასრულწლოვანი შვილების უყურადღებოდ დატოვება, მათ შეუძლიათ ბავშვები სხვა თავშესაფრის მაძიებლის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვონ მხოლოდ წერილობითი შეთანხმების დადების შემთხვევაში.
როდის გააძევებენ თავშესაფრის მაძიებელს ცენტრიდან
უცხოელი შეიძლება გაასახლონ ცენტრიდან, თუ მისი თავშესაფრის მიღების შესახებ მოთხოვნა უარყოფილი იქნება ან თუ ის უხეშად დაარღვევს ბინადრობის წესებს.
სერიოზულ დარღვევად შეფასდება ბავშვების უყურადღებოდ დატოვება, ჩხუბი, ცენტრის ქონების დაზიანება ან ისეთი ქცევა, რომელიც ცენტრის სხვა ბიადრებისთვის ცხოვრებას გაუსაძლისს გახდის.
თუ უცხოელი მიიღებს ლტოლვილის სტატუსს ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსს, მას საქართველოში საცხოვრებლის მოსაძებნად ერთი თვის ვადა მიეცემა.