გახარია: პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში და პოლიტიკურ ასპარეზზე ბრუნდება

ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენოს თავისი მანდატები საკრებულოებსა და ასევე პარლამენტში, რათა დაიბრუნოს პოლიტიკური სივრცე, დაწერა პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ X-ზე.
20 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ „საქართველოსთვის" ამომრჩეველთა ხმების 3,67% მიიღო.
„დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის", - დაწერა გახარიამ.
მისი თქმით, ახლა პარტიამ უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.
„ახლა ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – დაწერა გახარიამ.
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.
გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.