თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა, ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს.
აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს კიდევ ერთხელ მოვუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.