ლაშხი ელჩის გაწვევაზე: გერმანია ამ ქმედებით ცდილობს, საკუთარ დიპლომატს სახე შეუნარჩუნოს

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. დიპლომატიურ ენაზე სხვადასხვანაირად შეიძლება ითარგმნოს ეს საქციელი, თუმცა, პირველ რიგში გერმანიის მხრიდან საკუთარი დიპლომატისთვის სახის შენარჩუნებასთან გვაქვს საქმე, ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. მათი განცხადებით, „რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა კამპანიას ევროკავშირისა და პირადად გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის წინააღმდეგ“.
„ეს ქმედება ალბათ მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ელჩის მიერ ბოლოდროინდელი გადადგმული ნაბიჯები, ძალადობრივი აქტივისტების წახალისებები, ასევე განცხადებები, სასამართლოებზე მონაწილეობა - ეს ყველა ნაბიჯი იყო ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც ვენის კონვენციის ძირითად პრინციპებს, ასევე ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ლაშხმა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევა იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს პატივისცემა ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებებისა.
საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.
24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
თავის მხრივ, დაბარების შემდეგ ფიშერმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეკისრებათ.
ოქტომბრის დასაწყისში გერმანიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გადაეცა მოწოდება, შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმები.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.