ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 61 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასა და ხელმძღვანელობას, საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელებასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძარცვას ედავებიან.
დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა.
აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.