შსს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და მოუწოდა, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.
ამ წუთას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებს გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, - აცხადებენ შსს-ში.
უწყების განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.