ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

კურტანიძე წაყენებული 4 ბრალიდან ერთს - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ელდარ (ლუკა) კურტანიძე პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარემ მოსამართლის წინაშე 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კურტანიძეს ბრალდება სსკ-ის 126-ე პრიმა (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლებით წარედგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი - 160-ე, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.
კურტანიძე, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, წაყენებული 4 ბრალიდან მხოლოდ ერთს - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს.
სამართალდამცველებმა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს. ამ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს კურტანიძე ქალაქ ქობულეთში თუ როგორ ესხმის თავს ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს. მიქაცაძის განცხადებით, კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.