თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სანქციების გამკაცრების შემდეგ საპროტესტო აქციებზე რიგი ახალი დარღვევები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებისა და მათთვის 3 წლის ვადით ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვის საბაბი გახდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის ჩამონათვალში, რომელიც სასჯელის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს, რიგი ახალი დარღვევები შევიდა.
ამგვარად, ცვლილებების მიღების შემდეგ, უცხოელებს საქართველოდან გააძევებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის წესების ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის, ასევე ისეთი საგნების ქონა, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.
საპროტესტო აქციების წესების დარღვევის გარდა, ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაცია და სამი წლით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ემუქრებათ წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან პოლიციელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების ჩადენისთვის.
ანალოგიური სანქციები ემუქრება უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის შემთხვევაში.