თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანისთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ახალი პროექტები ისეთი მიმართულებებით განხორციელდება, როგორებიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაკავშირებადობის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ა.შ. შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
საქართველომ და მსოფლიო ბანკმა პრიორიტეტული პროექტები შეათანხმეს
© Ministry of Finance of Georgia
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
ანტონელა ბასანიმ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროს ვიტორ გასპარს შეხვდა, რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება.
ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.