ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85.027 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა „ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 1-ელიდან 15 ოქტომბრის პერიოდში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ოთხი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 400 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად 25.409 ლარით დაჯარიმდა.