საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება უფლება, ცალკეულ პირებს პარტიების შექმნა აუკრძალოს

მმართველი პარტია სარჩელს ამზადებს ქვეყანაში არაერთი პარტიის აკრძალვისა და ასობით ადამიანისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის დაწესების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, რომელიც ცალკეული პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, პარტიის გაუქმებასთან ერთად, მასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა ან წევრობა.
გარდა ამისა, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ პარტიების შექმნის აკრძალვასთან ერთად, კონკრეტულ პირს აუკრძალოს ხელმძღვანელი სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
პარტიებს ასევე აეკრძალებათ შემოწირულობების მიღება იმ პირებისგან, რომლებსაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ეკრძალებათ.
პარტიების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით.
მმართველი პარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესატანად ამზადებს სარჩელს რამდენიმე პარტიის აკრძალვისა და ასობით პირისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის დაწესების მოთხოვნით. სარჩელი ოქტომბრის ბოლომდე იქნება მზად.
გაუქმების მიზეზები
მმართველ პარტიაში პარტიების გაუქმების საფუძვლად სახელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას სწავლობდა.
კომისიამ დაადგინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ხელს უშლიან „საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას".
კომისიის აზრით, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ხსენებული პარტიები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის" „ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის" „ნაცმოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში და კოალიციურ მართვაში არიან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას.
„მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, - ნათქვამია ანგარიშში.
როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:
საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება აკრძალოს პარტია, რომლის გამოცხადებული მიზანი და მისი საქმიანობის ხასიათი (მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის არსსა და მიზანს.
ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.