თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი ღაზას სექტორში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე შარმ-ელ-შეიხში შეხვედრის შეთანხმების შესრულებას ელის და მას წარმატებას უსურვებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება РИА Новости.
ორშაბათს ეგვიპტეში „მშვიდობის სამიტი“ გაიმართება. 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა მასში მონაწილეობის შესახებ თანხმობა უკვე განაცხადეს.
„გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას შარმ-ელ-შეიხში გამართულ დღევანდელ სამიტს, რომელსაც, როგორც მე ვხვდები, არაბული სამყაროს 20-ზე მეტი ქვეყანა და დასავლეთის რიგი სახელმწიფოები ესწრება“, - განაცხადა ლავროვმა არაბული ქვეყნების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი სამიტზე მიღწეული ყველა შეთანხმების შესრულებას ელის. მისი თქმით, რუსეთი შეხვედრაში ჩართულ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, თავიდან აიცილონ სექტორში რეციდივი.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსულ-არაბული სამიტი, რომლის გადადებაც მოუწიათ, მოსკოვში გაიმართება როდესაც მოხდება ახალი ვადების შეთანხმება.
მანამდე, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „სამშვიდობო სამიტი“ 13 ოქტომბერს გაიმართება და მასში 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მას თანათავმჯდომარეობენ ელ-სისი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტელეკომპანია Al-Araby Al-Jadeed-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არ იყო მიწვეული, ასევე შეხვედრაში ისრაელი არ მიიღებს მონაწილეობას.