თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება, განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სიტყვით გამოსვლისას.
2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანიას „ჯი-თი გრუპთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი უმსხვილესი მეტროს ვაგონების მწარმოებელი CRRC-ი თბილისის მეტროპოლიტენს 150 მლნ ევროს ღირებულების 111 ვაგონს მიაწვდის.
„თბილისს დაახლოებით 212 ვაგონი სჭირდება. წელს, სახსრების მოსაზიდად, ჩვენ ფინანსურ ინსტიტუტთან (AIIB) ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ასევე არსებობს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ავანსის გადახდა ამ თვეშია მოსალოდნელი. შესაძლოა, 2026 წელს ვერ მოასწრონ მოწოდება. თუმცა, ახალ მეტროს ვაგონებს 2027 წლიდან მივიღებთ", - განაცხადა კაკაურიძემ.
თბილისის მეტროს შემადგენლობების განახლება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომპანია თბილისს 14 ერთეულ 4-ვაგონიან და 11 ერთეულ 5-ვაგონიანი შემადგენლობებს მოაწვდის, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.
ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ვაგონი უნდა იყოს 18,5-დან 19,5 მეტრამდე სიგრძის, შემაერთებელი ნაწილის ჩათვლით, 3,65 მეტრი სიმაღლის და 2,7 მეტრი სიგანის. ვაგონის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 280 მგზავრს, რაც ხუთვაგონიანი მატარებლის მაქსიმუმ 1400 მგზავრს ნიშნავს.
დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.