თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში - ამჟამად არც ერთი ოჯახი არ იმყოფება - დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი, ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა. მეწყრულმა პროცესებმა აღნიშნულ სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივი გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყარნებაც.
„მინისტრი სოფელ ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები. სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძე გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია- პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი გამოყო, 225 ათასი ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში, პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
როგორც ადგილობრივი მერია აცხადებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე — ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.
მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.
24 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა სწრაფი რეაგირების შტაბი. პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.