თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მშვიდობისკენ მიმავალი დამაიმედებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიპლომატიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ისრაელის მთავრობამ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში მხარი დაუჭირა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების თანდათანობით გაყვანას ანკლავიდან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმებას „მშვიდობისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და მადლობა გადაუხადა ტრამპს მისი შუამავლობისა და შეთანხმების მიღწევაში შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლისთვის.
„მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეთანხმების მიღწევაში აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიური ძალისხმევის გადამწყვეტი როლი აღნიშნა და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას ასევე მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საკითხში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრმა ისრაელის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ისრაელი საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ხუთ ტოპ ქვეყანას შორისაა. 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ ისრაელიდან 170.000-ზე მეტი ტურისტი მიიღო.
2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ ისრაელში 29 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტირება მოახდინა. ისრაელიდან იმპორტმა 12,5 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა.