4 ოქტომბრის აქცია: დაკავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის საქმეზე კიდევ 9 პირი დააკავა, შესაბამისად, საქმეში ბრალდებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
„ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ აქციის 30 მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა. საგამოძოებო მოქმედებები გრძელდება.