თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების დიალოგი მნიშვნელოვან პაუზას განიცდის. მოსკოვს კიევისგან სტამბოლის დოკუმენტების პროექტსა და სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით არსებითი პასუხი არ მიუღია, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
„მართლაც, დიალოგის პროცესში სერიოზული პაუზა შეინიშნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს კიევისგან ჯერაც არ მიუღია პასუხი სტამბოლის მოლაპარაკებების დროს შეთანხმებულ დოკუმენტებსა და სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით.
„უკრაინული მხარისგან ჯერ კიდევ არ არის არსებითი პასუხი დოკუმენტებთან ან სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით... არანაირი წინსვლა არ არის“, - თქვა პესკოვმა.
ამჟამად, დასძინა კრემლის წარმომადგენელმა, დასავლეთით „შთაგონებული“ უკრაინის ხელისუფლებას ფრონტზე სიტუაციის შეცვლის იმედი აქვს, თუმცა რეალობა საპირისპიროზე მიუთითებს.
„ევროპელებით შთაგონებულები, ისინი ამჟამად საერთოდ არ მიისწრაფვიან რაიმე სახის სამშვიდობო პროცესისკენ. ისინი ფიქრობენ, რომ ფრონტის ხაზზე რაღაც შეიცვლება, რომ ყველაფერი პოზიტიურ დინამიკაში გადავა. ვითარება კი სრულიად საპირისპიროა“, - აღნიშნა პესკოვმა.
სტამბოლის მოლაპარაკებები
უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი სამწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის ინიციატივით, ამ გაზაფხულზე განახლდა. მოლაპარაკებების სულ სამი რაუნდი შედგა.
16 მაისს გამართული პირველი შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მხარეებს მემორანდუმის პროექტში ოპერატიულად უნდა მოემზადებინათ ხედვა მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ასევე შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე.
მეორე რაუნდი 2 ივნისს, ასევე სტამბოლში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მემორანდუმები კონფლიქტის მოგვარების შესახებ და ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
მესამე შეხვედრა 23 ივლისს გაიმართა. რუსულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დელეგაციას შექმნილიყო სამი სამუშაო ჯგუფი მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე, რომლებიც ონლაინ რეჟიმში იმუშავებდნენ.