ორბელიანის მოედანზე გდდ-ის თანამშრომლები იმყოფებიან - ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანებიც

4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. ორბელიანის მოედანზე, სადაც გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები კვლავ იმყოფებიან, ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
პარალელურად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აგებენ ფილებს და ამონტაჟებენ სხვა დაზიანებულ ინვენტარს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რომლის ჯებირიც გუშინ აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს, ის კვლავ დაზიანებულია, სამონტაჟო სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
4 ოქტომბერს დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა - ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მიზნით, ათონელის მიმართულებით გადაინაცვლეს - აქტივისტებმა შენობის წიინ არსებული ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შეაღწიეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ როგორც პოლიიელები, ისე აქციის მონაწილეები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად, შსს-მ აქციის ხუთივე ორგანიზატორი: „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.