არჩევნების კრიტიკა და მოწოდებები დიალოგისკენ - ევროკავშირის განცხადება

ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა კი შედარებით დაბალი იყო
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ჩახშობის, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღების ფონზე ჩატარდა, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისრის, მართა კოსის ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თბილისში სიტუაცია დაიძაბა. აქციის ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. შეტაკებები დაიწყო. იმავე ღამეს პროტესტის ხუთი ორგანიზატორი დააკავეს.
„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.
„გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათ მოუწოდეს დიალოგისკენ და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც „უსაფუძვლოდ იყო დაკავებული“.
„მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ“, - ნთქვამია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს ავტორებმა დაგმეს დეზინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე პირადი თავდასხმები ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ არეულობის ორგანიზატორების უკან უცხოური სპეცსამსახურები დგანან.
დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისთან ახლოს, ტყეში დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორებით ამოიღო. მათი ინფორმაციით, ამოღებული საბრძოლო მასალა არჩევნების დღეს არეულობისას უნდა გამოეყენებინათ. სუსის ინფორმაციით, იარაღი შეძენილია უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით. ერთი პირი დაკავებულია, კიდევ ერთ პირზე ძებნა გამოცხადდა.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.513.818 შეადგინა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება 3.130.348 ამომრჩეველს შეეძლო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა - კენჭისყრაში 1.438.116-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.