თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით, ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის ქუჩებში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელზე საქართველო პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების დროს მოწოდება - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს.
„ამასთანავე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ევალებათ მშვიდობიანად წარმართონ შეკრება და არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ; ხოლო, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით“, - ნათქმია განცხადებაში.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეკრებების ფონზე, მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა.
სახალხო დამცველი ასევე ყველას შეახსენებს, რომ მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი.
პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, , პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.