თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
მანამდე აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
მანამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა. აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე განაცხადა „ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.