თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 22-დან 24 წლამდეა, საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უწყების ცნობით, მხილებულია 17 წლის პირიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი და სუბოტექსი.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.