თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 16 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (38 Special ) კალიბრის WEBLEY SCOTT LTD კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ექვსი 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. ძიუდოისტი თელავის რაიონულმა სასამართლომ 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.