თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რუსთავი 2007"-ის კუთვნილი უძრავი ქონების მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები.
ბრალდებული გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1,3 მლნ ლარად ღირებულ, 641,2 კვ მ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.