თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 24 წლის ქალს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი ნივთიერება ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.