თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. 16 სექტმბერს პროკურატურამ ვიბლიანს ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„ვაღიარებ დანაშაულს და ვინანიებ“, - განაცხადა ვიბლიანმა სასამართლო პროცესზე.
ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოზარდმა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშვნა მისცა.
მკლავჭიდელს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.