თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში დაკარგული 16 წლის მოზარდი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „ინფო რუსთავი“.
ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან სამი კილომეტრის დაშორებით, დღეს 17 სექტემბერს იპოვეს - მოზარდის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის რევაზ დათაშვილი 14 სექტემბერს სახლიდან გავიდა და 02:00 საათის შემდეგ აღარავის უნახავს.
სამძებრო ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა, თუმცა, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე იპოვეს მაისური, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭს ეკუთვნოდა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო-საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში.