თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელ ოქტომბრამდე გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მსურველთა ონლაინ რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაში ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge განხორციელდება. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს.
„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, არსებულ პროგრამებს წელს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი - ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 80 სპეციალობაში ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში.
პროგრამაში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან შვიდ თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანი, საიდანაც 75% დასაქმდა.