თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსთავში 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულს, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 185 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს - ნივთმტკიცებად ასევე ამოიღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.