ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოება: დაკავებულთა შორის ბიზნესმენი გიორგი კანდელაკია

ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დღეს საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი დააკავა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი, იუწყება ტელეკომპანია „ ტვ პირველი“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა გააჩნდათ, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს.
გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA .
გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე და მე-200 მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.