ელენე ხოშტარიას 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რითიც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
ხოშტარიამ სასამართლოში გამოცხადებასა და საადვოკატო, მათ შორის, საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზეც უარი განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
მანამდე თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.