თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, ისევე როგორც სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა, პატივი უნდა სცენ საქართველოს, იმოქმედონ მისი კანონმდებლობის ფარგლებში და თავი დაანებონ ქართველ ხალხისთვის „დემოკრატიის სწავლებას" და ზემოდან ყურებას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გურიის რეგიონში ჰერჩინსკის მიერ გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდის“ (Solidarity Fund PL in Georgia) დამფუძნებელ ანანო ცინცაბაძესთან, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში და გამოირჩევა სიძულვილის შემცველი პუბლიკაციების გამოქვეყნებით. მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური აგენტების“ რეესტრში არ არის რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებას პოლონეთიდან იღებს.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს „პოლიტიკური მკვლელობისკენ" და ცინიკურად, ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე.
პარლამენტის სპიკერმა პარალელები გაავლო აშშ-ში ლიბერალების პრაქტიკასთან, სადაც, პაპუაშვილის თქმით, ადამიანის სიკვდილზე დაცინვაც დაშვებულია.
„შეიძლება ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებაზე, მაგრამ ხომ გაიგო, რამდენიმე დღეა. იმ განცხადებებზე ალბათ უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ჰერჩინსკისგან ვხედავთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემა ევროკავშირის შერჩევით მიდგომაშია: ისინი მზად არიან აჩვენონ თავიანთი პროექტების დადებითი შედეგები, მაგრამ ამჯობინებენ დუმილს, როდესაც მათ მიერ დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობებისკენ მოუწოდებენ ან ადამიანის სიკვდილს დასცინიან.
„ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ. ამიტომაც როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ ქართველი ხალხის ზემოდან ყურება“, - ხაზგასმით აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.