თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. არ შეიძლება ხელისუფლების მშვიდობიან ან არამშვიდობიან დამხობაზე საუბარი, ამიტომაც ყველაფერს, რაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ეხება, სასამართლო გადაწყვეტს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
„დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი. საქმე არის ორი მიმართულებით აღძრული - როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით. დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოება რადიკალიზმის ენას მიაჩვია, რომელიც მუდმივად მოიცავს ფრაზებს ხელისუფლების დამხობის შესახებ.
„ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. საქართველოში კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ კორუფციისა და ნარკოდანაშაულების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულებთან დაკავშირებითაც გამკაცრდება მიდგომა.
„ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ ნარკომანებს, „ნაცებს“, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არც ძალა და რესურსი, რომ ძალადობრივი გზით დაამხოს ხელისუფლება და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.
ხაბეიშვილმა, სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად, არაერთხელ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის დღე იქნება.