თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 15 წლის თეკლა ეკალაძე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! ნახევარფინალში გავიდა.
ეს პოპულარულ შოუში თეკლას რიგით მეორე მონაწილეობაა. ექვსი წლის წინ მან აღნიშნულ პროექტში საკუთარი ძალები მოსინჯა, თუმცა, ფინალში ვერ მოხვდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო, შემდეგ კი ორიგინალურად წარმოადგინა სიმღერა „სულიკოს“ საკუთარი ინტერპრეტაცია.
ამჯერად ქართველი გოგონა ჟიურის წინაშე წარდგა ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფ The Animals-ის კომპოზიციით House of the Rising Sun.
კონკურსის მეორე დღეს შოუს ნახევარფინალში სულ ხუთი მონაწილე გავიდა.
პროექტში 7-დან 18 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ და ბავშვთა სახლებში, პანსიონებსა და მინდობით აღზრდის ოჯახებში ცხოვრობენ.
თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა.
საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.